ჰორიზონტი ევროპის პროექტი “EMBRACE” დასრულდა

23-24 სექტემბერს ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში, გაიმართა ჰორიზონტი ევროპის პროექტის “EMBRACE” მესამე გენერალური ასამბლეა და შემაჯამებელი კონფერენცია, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

კონფერენციას ესწრებოდნენ კონსორციუმის ყველა ინსტიტუციის წევრები, დობილი პროექტის, “SHAPEDEM EU”-ისა და ევროკომისიის წარმომადგენლები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა, პროფესორებმა გიორგი გვალიამ და დავით აფრასიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს კვლევის საბოლოო შედეგები და ევროკავშირისთვის შემუშავებული პოლიტიკის რეკომენდაციები სამხრეთ კავკასიის რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესების შესახებ.

პროფესორმა დავით აფრასიძემ მონაწილეობა მიიღო “EMBRACE”-ისა და მისი დობილი პროექტის, “SHAPEDEM EU”-ის ერთობლივ პანელურ დისკუსიაში: “Engaging with Neighbourhood Civil Society, Social Movements & Popular Uprisings”.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტის შედეგების შენარჩუნებისა და მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიები.

პროექტი “EMBRACE” („ცვლილებების მიღება: დაბრკოლებების დაძლევა და დემოკრატიის წინსვლა ევროპის სამეზობლოში“) მიზნად ისახავდა ევროპულ სამეზობლოში დემოკრატიზაციის შემაფერხებელი ფაქტორების აკადემიურ შესწავლას, მათი ანალიზისა და გადალახვის გზების მოძიებას, ასევე ევროკავშირის სამეზობლოში დემოკრატიის ხელშემწყობი (EUDP) პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით ახალი ინსტრუმენტების შეთავაზებას.

პროექტი 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში შეიქმნა რიგი პუბლიკაციები, კვლევითი რუკები, პოდკასტების სერია და სხვა ტიპის ინტერაქტიური მასალები, რომლებიც ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: https://embrace-democracy.eu/

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი