საერთაშორისო ჰაკათონი DIGIEDUHACK 2025: განათლება ციფრული უნარების ეპოქაში – განაცხადების მიღება

14-16 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ჰაკათონი DIGIEDUHACK 2025: Rethinking Education in the Age of Digital Skill საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში.

პროექტი EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ციფრული განათლების სამოქმედო გეგმით ხორციელდება. DigiEduHack 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მთელი ევროპის და მის ფარგლებს გარეთ და მონაწილე გუნდებს აერთიანებს განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

ჰაკათონის საორგანიზაციო კომიტეტი მონაწილეებს მოუწოდებს, შეიმუშაონ იდეების საინტერესო გადაწყვეტა და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თემატიკაზე. ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შეუძლია იდეა წარადგინოს DigiEduHack-ის საერთაშორისო ჟიურის წინაშე. საბოლოოდ ხმის მიცემით გამოვლინდება რამდენიმე გლობალური გამარჯვებული გუნდი, რომელთაც საშუალება ექნებათ, მოიპოვონ საგზური DigiEduHack-ის ღონისძიებაზე დასასწრებად.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

16 წლის ზემოთ სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტრეპრენერებს, ინოვატორებსა და ციფრული განათლებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

თემატიკა

მონაწილეები იმუშავებენ ინოვაციურ იდეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს განათლების განვითარებას ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით. პროექტების მიზანია ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა, ინკლუზიურობის ზრდა და თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი.

წლევანდელი მიმართულებებია:

  • ციფრული ჩართულობა და განათლების ხელმისაწვდომობა
  • კიბერუსაფრთხოება და ციფრული ეთიკა განათლებაში
  • ინოვაციები პროფესიული განვითარებისთვის
  • ინტერაქტიური სწავლება
  • მონაცემებზე დაფუძნებული სწავლება და შეფასება

ამ მიმართულებების გათვალისწინებით მონაწილეებს შეუძლიათ იმუშაონ სხვადასხვა ფორმატის ინოვაციურ გადაწყვეტაზე: შექმნან მობილური ან ვებაპლიკაციები, ინტელექტუალური პლატფორმები, ხელოვნურ ინტელექტზე (AI) ან მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული სისტემები, ასევე შესაძლებელია განავითარონ საგანმანათლებლო თამაშების პროტოტიპები, გამოიყენონ VR/AR ტექნოლოგიები ან ბლოკჩეინის მექანიზმები განათლებაში.
მონაწილეებს ასევე ექნებათ თავისუფალი არჩევანის უფლება შესაძლებლობა –   შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერ სხვა ტექნოლოგიურ იდეაზე, რომელიც განათლების თემას ეხმიანება.

რეგისტრაცია

მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელი იქნება ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს.

ჯგუფის წევრთა მინიმალური რაოდენობა 2-ია, მაქსიმალური – 5 (ჯგუფური რეგისტრაციის შემთხვევაში განაცხადს ავსებს გუნდის ერთი წარმომადგენელი და ფორმაში უთითებს ყველა წევრის საკონტაქტო ინფორმაციას).

ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?

აუცილებელია, გუნდის ერთმა წევრმა მაინც იცოდეს ინგლისური ენა, რადგან თითოეულმა გუნდმა იდეა DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე უნდა წარადგინოს.

  • რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/H4ftpgJpm5KGcXCc7
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 ნოემბერი, 23:59 საათი
  • ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

12 ნოემბერს, 19:00 საათზე, ონლაინ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ჰაკათონის შესახებ. დაინტერესებულ პირებს დასწრება შეუძლიათ ბმულის საშუალებით: https://meet.google.com/coc-updt-voi

წინა წლის საერთაშორისო ფინალისტი პროექტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://digieduhack.com/news/re-cap-2024-edition

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablab@iliauni.edu.ge

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი