26-28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეწარმეო ბუთქემფი „იდეიდან პროდუქტამდე“ ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის, პრეაქსელერატორი Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით.
მონაწილეებმა გუნდურად იმუშავეს რეალურ სოციალურ და ტექნოლოგიურ ამოცანებზე, შეიმუშავეს ინოვაციური გადაწყვეტები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) გათვალისწინებით.
ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო ალექს დენობლი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მეწარმეობის პროფესორი, Lavin Entrepreneurship Center-ის აღმასრულებელი დირექტორი და წიგნის The Entrepreneur Within ავტორი.
ბუთქემფზე გაიმართა საჯარო პანელური დისკუსია „როგორ განავითაროთ მეწარმეობრივი უნარები სამსახურის დატოვების გარეშე“, რომელსაც უძღვებოდა Zoomout-ის მენეჯერი და სტარტაპის NEUROPILOT დამფუძნებელი თინი მამუჩაშვილი.
დამსწრეთ გააცნეს ინფორმაცია მეწარმეობრივი უნარების განვითარებისა და ინტრაპრენერობის შესახებ.
ბუთქემფი მოიცავდა შემდეგ ეტაპებს: მომხმარებლის კვლევა და ემპათია, იდეის გენერირება და დახვეწა, პროტოტიპის შექმნა, მენტორებთან სესიები, პრეზენტაციის მომზადება და დემო დღეზე წარდგენა.
ღონისძიება გაიმართა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მხარდაჭერით. ფონდი შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“ ფარგლებში. ბუთქემფი განხორციელდა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების სასწავლო და კოკურიკულარული რეფორმა“ ფარგლებში.

