ცუცხვათის მღვიმეში ილიაუნის მკვლევრებმა ნეანდერტალელის კბილი აღმოაჩინეს – კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით იმერეთში, სოფელ ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსში, ჩატარებული ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს ანატომიურად თანამედროვე ადამიანის უკანასკნელი მონათესავე სახეობის, ნეანდერტალელის  მეორე კბილი, რომელიც დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება. ახალი აღმოჩენების მიხედვით ნეანდერტალელთა მიერ ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის ათვისების პერიოდი 90 000 წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება. სპეციალისტებმა გამოავლინეს ნეანდერტალელთა მიერ ცეცხლის ინტენსიურად გამოყენების მტკიცებულებები. აქვე არის აღმოჩენილი დაახლ. 6000 წლის წინანდელი ქალკოლითის პერიოდის უძრავი ფენები და ადრეული შუა საუკუნეების უნიკალური სამარხი სხვადასხვა ინვენტარით.

2016-2025 წლების კვლევის „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები, გარემო და კულტურა“ შედეგების პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. სამეცნიერო გუნდმა წარადგინა არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიში ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეების ექსპედიციების უახლესი და გარდამტეხი აღმოჩენების შესახებ.

სამეცნიერო კვლევები განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულობებით.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი