ილიაუნის სტუდენტების ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ბოლონიის პროცესში ჩართვის 20 წლის აღსანიშნავად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს ბოლონიის პროცესში ჩართვის 20 წლის აღსანიშნავად ორგანიზება გაუწია სპეციალურ სასწავლო ვიზიტს ბრიუსელში, ევროპის განათლების, კვლევისა და პოლიტიკის ფორმირების ცენტრალურ სივრცეში.

ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ევროპის უმაღლესი განათლების სისტემის საფუძვლებისა და იმ პოლიტიკური, ინსტიტუციური და ინტელექტუალური ჩარჩოების გაცნობას, რომლებზეც დგას თანამედროვე ევროპული უნივერსიტეტი.

ვიზიტის დროს სტუდენტებმა გაიაზრეს, როგორ მუშაობს ევროპაში განათლების სფერო, როგორც დემოკრატიული მმართველობის, კვლევითი ინოვაციისა და საჯაროობის ერთიანი ინსტიტუციური ეკოსისტემა. სტუდენტები გაეცნენ ევროპულ პოლიტიკას ინსტიტუციურ დონეზე, როგორ უკავშირდება უმაღლესი განათლება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: დემოკრატიული მმართველობა, ინოვაცია, სოციალურ პასუხისმგებლობა და საერთაშორისო თანამშრომლობა.

სტუდენტური კონკურსით „გზავნილი ევროპას“ შერჩეული ხუთი სტუდენტი – მარიამ გუგუტიშვილი, ნიკოლოზ ესებუა, მარიამ რიკაძე, დავით ბადალოვი, მარიამ ბაშიროვა – ერთი კვირის განმავლობაში ეწვია წამყვან ევროპულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს: ევროპის პარლამენტს, ევროკომისიის განათლებისა და კულტურის გენერალურ დირექტორატს (DG EAC – Erasmus+ პროგრამა), ENQA-ს, EQAR-ს, EUA-ს, ESU-ს, ბრიუსელში მოქმედ კვლევით ცენტრს Bruegel, გენტის, ასევე ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტს, ევროკომისიის საგამოფენო სივრცეებს Experience Europe-სა და ევროპის ისტორიის სახლს.

ENQA-სა და EQAR-ში გამართული შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებათა ფონზე. დისკუსიები შეეხო ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს, უნივერსიტეტების ავტონომიასა და ევროპული საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიკურ პრინციპებს.

ვიზიტის ერთ-ერთი ამოცანა იყო იმის გააზრება, თუ როგორ უკავშირდება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე ევროპის სტანდარტებსა და მმართველობით ჩარჩოებს. სტუდენტთა შეფასებებში განმტკიცდა აზრი, რომ საქართველოსთვის ევროპული საგანმანათლებლო სივრცე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროგრამების (Erasmus+) ან დაფინანსების თვალსაზრისით, არამედ როგორც „ცოდნის წარმოების, კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და საჯაროობის ერთიანი მოდელი“.

ამ კონტექსტში აკადემიური თავისუფლება, ინსტიტუციური ავტონომია, საერთაშორისო კვლევითი ინტეგრაცია და  სტუდენტთა მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში აღიქმება არა „დამატებით ღირსებად“, არამედ ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა საერთო შეთანხმებად.

ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო მოტივაციის ამაღლება, რა როლის შესრულება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტებს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში.

სტუდენტების შეფასებით, განათლება ამ პროცესის ერთ-ერთი სტრატეგიული სფეროა, რადგან სწორედ ის ქმნის არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ კულტურულ, სამოქალაქო და ინტელექტუალურ კავშირს საქართველოსა და ევროპას შორის.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი