პროექტი EfxINNOs − სამდღიანი ტრენინგი საბერძნეთში

2-4 ივლისს პროგრამის Interreg NEXT Black Sea Basin მიერ დაფინანსებული პროექტის “Establishing and Operating an Innovative Marine Technology Transfer Network for Enhancing the Transition to a Sustainable Blue Economy in the Black Sea Basin” (EfxINNOs) ფარგლებში საბერძნეთის ქალაქ კავალაში გაიმართა სამდღიანი ინტერდისციპლინური ტრენინგი თრაკიის უნივერსიტეტისა და მეთევზეობის კვლევითი ინსტიტუტის (Nea Peramos) ორგანიზებით.

ტრენინგში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: პროექტის სამეცნიერო კოორდინატორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე, ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი და ახალგაზრდა მკვლევარი თამარ ედიშერაშვილი, უნივერსიტეტის საზღვაო ტექნიკის მომსახურების სამსახურის უფროსი მამუკა მოდებაძე.

ტრენინგზე განხილული იყო წყალქვეშა ავტომატიზებული სკანერის (AUV) გამოყენების სრული მეთოდოლოგია საზღვაო მონიტორინგის კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევით ბუიზე დაყრდნობით ფოთის პორტის ტერიტორიაზე ორი თვის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების ანალიზსა და ინტერპრეტაციას. წარმოდგენილი მონაცემები მოიცავდა შემდეგ პარამეტრებს: წყლის ტემპერატურა, სიმღვრივე, გამტარობა, ქლოროფილის კონცენტრაცია, ჟანგბადის კონცენტრაცია და ჟანგბადით გაჯერება. მონაცემების პრეზენტაცია წარადგინეს პროფესორმა ქეთევან კუპატაძემ და მკვლევარმა თამარ ედიშერაშვილმა.

ტრენინგის ფარგლებში განხორციელდა ტივტივას მიერ გადმოცემული მონაცემთა ინტეგრაცია და ჰარმონიზაცია საზღვაო მონაცემთა დამუშავების საერთაშორისო პლატფორმასთან OCEANCAST (https://envrio.org/oceancast).

პროექტის EfxINNOs მიზანია შავი ზღვის აუზში მდგრადი ლურჯი ეკონომიკის ხელშეწყობა და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საზღვაო მონიტორინგის ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმების ქსელის ჩამოყალიბება. პროექტში მონაწილეობენ ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციები. თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერებასა და საზღვაო ინოვაციების დანერგვას.

პროექტი დაფინანსებულია Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის მიერ, ევროკავშირის თანადაფინანსებით. საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1,643,648.40 ევროს.

პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისათვის – ის აერთიანებს მეცნიერულ პროგრესს, საგანმანათლებლო პროცესს და გარემოსდაცვით მიდგომებს ერთიან სტრატეგიაში, რომელიც ლურჯი ეკონომიკის მდგრად განვითარებას ემსახურება.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი